25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რაც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და შედეგის შეფასების მიზნით სჭირდება - თამარ გაბუნია

06 აპრილი 2024, 11:48 281 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო
სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის
შეფასების მიზნით ესაჭიროება.

"რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც, ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს, გაიდლაინების შესაბამისად, მკურნალობის სრული
კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს განაცხადა, რომ 25 ათას-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან, ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში