ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.
როგორც კალანდარიშვილმა განაცხადა, პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაუზიარა ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენი მორიგი ვიზიტი უკავშირდება ცნობიერების ამაღლებას ინსტიტუციის თანამშრომლებში. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ახორციელებს როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ტექნოლოგიებთან და სხვადასხვა ინოვაციასთან დაკავშირებით მართავს საინფორმაციო შეხვედრებს. მორიგ შეხვედრაზე ჩვენ პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის და შემდგომ არჩევნებზე იქნება გამოყენებული. როგორც პრეზიდენტს, ასევე აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად ენახათ მათი გამოყენების პრაქტიკა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განაცხადებით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას თავისი პროცედურები და საფუძვლები აქვს. როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, საარჩევნო უბნის გახსნისთვის საჭიროა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე იყოს, სულ მცირე, 50 ადამიანი. მისივე თქმით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სადაც იქნება, საარჩევნო უბნები ყველგან გაიხსნება.
"კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურებს. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 მოქალაქე არის საფუძველი იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სათანადო უბნები შექმნას. სადაც იქნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისი უწყებიდან მოგვეწოდება ინფორმაცია ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ინსტიტუცია ყველაფერს გააკეთებს. თუ გინდათ, პირობად მიიღეთ, სადაც იქნება საფუძველი, ყველგან შეიქმნება საარჩევნო უბნები შესაბამისი შესაძლებლობის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.