საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლას და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთანაც.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებებით.
დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.