საგარეო უწყება მიმართავს ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა - ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2024, 14:01 387 ნახვა

დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთო-ს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული "საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. ასევე აღნიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას.

"საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისათვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი, შესაბამისად, მომსახურება უფასოა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო უბნების შექმნის საკითხზე. მისივე თქმით, საარჩევნო უბნის შექმნა განეკუთვნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.

"საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შეყვანა ხდება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა განმარტა, რომ უშუალოდ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საჭიროებასთან დაკავშირებით, წინა არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალი – geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა (980,000 ადამიანი, მოქალაქეთა 39,30 %). აღნიშნული კამპანია მოიცავდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას როგორც პორტალის, ისე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვის თაობაზე.

„განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას“, - აღნიშნა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი