რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64 პროცენტს აღემატება - ვახტანგ გომელაური

20 მარტი 2024, 13:16 497 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64 პროცენტს აღემატება.

"2023 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64 პროცენტს აღემატება. ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, გაწერილი სამთავრობო გეგმებისა და სხვადასხვა რეფორმების განხორციელებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა.

"გასულ წელსაც, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებისა და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არაერთი რეფორმა განვახორციელეთ. აღნიშნული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე კი კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე ის საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომელიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დანაშაულის პრევენციისა და რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანობისა და პრაქტიკაში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვის მიზნით, 2023 წელს, დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ფრონტექსის მიერ მიღებული მოდელის საბოლოო ვერსიის მიხედვით შემუშავდა. ამასთან, საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩართულ პირებთან გამართული შეხვედრების შედეგად შეიქმნა და დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის დანერგვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის მთავარი მიზანი საზღვრის მართვის კონტექსტში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს შეიქმნა და პრაქტიკაში დაინერგა საქართველოდან გაძევებულ პირთა ანალიტიკური მოდული, რაც საზღვრის რისკის ანალიზის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განმარტებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, ოფიცრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ბათუმსა და რუსთავში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს რამდენიმე ათეული, ენერგიული ახალგაზრდა შემოუერთდა, რომლებიც მართლწესრიგის ოფიცრის რანგში იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფციაზე, გაცხადებული გეგმის თანახმად, განხორციელდა ანალიტიკური ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში 94 ანალიტიკოსი მუშაობს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა. მისივე განმარტებით, 2022 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 21 პროცენტით გაიზარდა.

"რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც აერთიანებს კომპლექსურ უწყებათაშორის აქტივობებს და შემუშავებულია შემდეგი სამი ძირითადი მიზნის ფარგლებში: „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება; კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება; ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა, რომელიც სხვა საკითხებს შორის, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით სტატისტიკის დეტალური ფორმით დამუშავებას", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა ერთმანეთისგან და გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი