სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას მილიონ ასი ათას დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, მსჯავრდადებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა „ფორსეიჯ“ შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ. უწყების ინფორმაციით, 2020 – 2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, პლატფორმის დამფუძნებლებმა დაახლოებით 340 მილიონი აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.