დღევანდელ სხდომაზე შესაძლებლობა გვქონდა სიღრმისეულად განგვეხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შედეგები - თეა ახვლედიანი

15 მარტი 2024, 19:31 464 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

თეა ახვლედიანმა კომისიისა და კომიტეტის წევრების, ასევე მოწვეული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

„დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შესაძლებლობა გვქონდა, სიღრმისეულად განგვეხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შედეგები, ისევე, როგორც სამშვიდობო ინიციატივების შემდგომი განვითარების ხედვა. ეს წარიმართა პროცესით დაინტერესებული აქტორების, მათ შორის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ შედეგები და ის პროგრესი, რომლებზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, მიღწეულია საქართველოში მიმდინარე უკანონო რუსული ოკუპაციის ფონზე შექმნილი სირთულეების რეალობაში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი იმ სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების მოქმედებაზე, მათ შორის, მშვიდობის ფონდის საქმიანობაზე, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ნამდვილად უნიკალურ მექანიზმად ჩვენი პოლიტიკის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი