საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგნაციო კასისს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაც ადასტურებს.
„შალვა პაპუაშვილმა შვეიცარულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც შუამავლის მნიშვნელოვანი როლი თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
იგნაციო კასისმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.