ოპოზიციას უნდოდა, ფეიკების საშუალებით დაებულინგებინა ცესკოს თავმჯდომარე და მისი არ ყოფნის შემთხვევაში ხაზარაძის პარტიის წევრს შეესრულებინა მოვალეობა - მდინარაძე

05 მარტი 2024, 13:13 251 ნახვა

ოპოზიციას უნდოდა, ფეიკების საშუალებით დაებულინგებინა ცესკოს თავმჯდომარე და მისი არ ყოფნის შემთხვევაში ხაზარაძის პარტიის წევრს შეესრულებინა მისი მოვალეობა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ჩვენ უკვე მივხვდით, რაში სჭირდებოდა ოპოზიციას ეს კანონი. ხომ ვამბობდით, რისთვის სჭირდებათ ეს მსოფლიოში უპრეცედენტო რამ, რომ მოადგილე იყოს ოპოზიციონერი და რაღაც შემთხვევაში ჩაანაცვლოს თავმჯდომარეთქო?! მათ ჰქონდათ შტურმი მომზადებული ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ. რომ არ გამოუვიდათ და კანონი მივიღეთ, დაიწყეს და მიიტანეს შტურმი ცესკოს თავმჯდომარეზე, ფეიკების გამოყენებით, ხაზარაძის ტელევიზიით.

უკვე გაირკვა ყველაფერი, თურმე რაშია საქმე. ხაზარაძის ტელევიზიის ფეიკები იყო მიზანი, რითაც თავმჯდომარე უნდა დაებულინგებინათ, გადაეყენებინათ. მათ ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. დღეს კალანდარიშვილმაც გამოაქვეყნა წერილი. დადასტურდა, რომ არის უხეში მანიპულაცია და ფეიკი. ამიტომ უნდოდათ, რომ ცესკოს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მოადგილეს, ანუ ისევ ხაზარაძის პარტიის წევრს, შეესრულებინა მისი მოვალეობა. მარტივი სქემაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავისი ვეტოთი გადაუხვია და აბსოლუტურად ასცდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს.

„ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის დასკვნებს ოპოზიციონერები უყურებდნენ, როგორც უპირობოდ ამოსავალ წერტილს და ჩვენ ვამბობდით, რომ რასაც ვეთანხმებით - ვიზიარებთ, რასაც არ ვიზიარებთ, იმაზე გვაქვს აბსოლუტურად არგუმენტირებული ახსნა. პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტებში ნახეთ რა თქვა? მან გადაუხვია და აბსოლუტურად ასცდა ამ დასკვნებს. შესაბამისად, თუ არაა ამოსავალი წერტილი არც ვენეციის და არც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ე.ი. გადახვევა ყოფილა შესაძლებელი ხომ? ახლა ოპოზიციას შეგიძლიათ ჰკითხოთ, ეთანხმებიან თუ არა ისინი ვეტოს პათოსს. თუ ეთანხმებიან ე.ი. ისინი სულ იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უპირობოდ უნდა გავიზიაროთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში