საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.
მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.
პრემიერის განმარტებით, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში და უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო სერიოზული პრობლემები, რაზეც ყურადღება გაამახვილა ზურაბ აზარაშვილმა.
„ის მუშაობდა ამ პრობლემების დაძლევაზე. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა ამ ყველაფერზე. მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით, რაც ვთქვი, ეს იყო პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა, ამაზე გავამახვილე ყურადღება. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების, თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურა აზარაშვილმა, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი და მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მას შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.
"ირაკლი ღარიბაშვილსა და ჩემს შორის" არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, იცით, რომ, თავის დროზე, მთავრობაში, უფრო დაბალ დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მიიღებოდა, პირველ რიგში, პრემიერის მიერ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ხედავთ, რომ მინიმალური მოცულობით ხორციელდება საკადრო ცვლილებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობებია გუნდის შიგნით. ერთადერთი სადაც დაპირისპირება, დაქსაქსულობაა, ეს არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, გაუშვა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.
პრემიერმა თქვა, რომ ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამაზე განცხადებას.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში სხვა შესაძლო ცვლილებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკადრო გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღებოდა და დღესაც ის მინიმალური მოცულობით ხორციელდება.