კანონპროექტზე მწვავე რეაქციას არ ველოდები, არ მეგულება საქართველოში არცერთი საზოგადოებრივი ფენა, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ლგბტ პროპაგანდას ემხრობა - გურამ მაჭარაშვილი

01 მარტი 2024, 11:46 400 ნახვა

ლგბტ პროპაგანდის თემამ გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირებები, აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები, რათა დაპირისპირებები აღარ არსებობდეს. ეს დაპირისპირება კი აღარ იარსებებს, როცა აღარ იქნება პროპაგანდის საშუალება. პირად სივრცეს როგორც აქამდე ვიცავდით, ისე დაიცავს სახელმწიფო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას, მათ შორის არასაპარლამენტოს, შესთავაზეს, რომ ერთად იმსჯელონ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალავასთან დაკავშირებით კანონპროექტი ერთად დაწერონ.

„ჩვენ დავაანონსეთ, რომ გვინდა, მივიღოთ პრინციპი, რასაც ჰქვია ლგბტ, ანუ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის აკრძალვა. რაც შეეხება დანარჩენ ფორმას, შევთავაზეთ ოპოზიციას, მათ შორის არასაპარლამენტოს, რომ თუ აქვთ წინადადებები, შემოგვთავაზონ და ერთად დავწეროთ ეს კანონპროექტი. პრინციპზე თუ წინააღმდეგი არიან, რომ პროპაგანდა არ უნდა იყოს, მაშინ ვერ შევთანხმდებით და მაშინ თქვან საზოგადოებასთან, რომ ისინი მომხრე არიან, რომ ბავშვების ფსიქოლოგიაში შევიდნენ და უთხრან, რომ დედიკოს ჩაგინაცვლებს მამიკო, ტრანსგენდერის რძე ყოფილა თურმე იგივე დედის რძე, აღლუმებში ბავშვებს მონაწილეობას მიაღებინებენ, ეს ყველაფერი რომ დაშვებული უნდა იყოს, ეს აღიარონ და კი ბატონო.

 

ამას თუ არ აღიარებენ, პრობლემა არ არის ფორმაზე, ჩვენ მივიღებთ მათ წინადადებებს, განვიხილავთ. ფორმა როგორი უნდა იყოს, შევჯერდებით, მაგრამ პრინციპზე თქვან, რომ არიან თანახმა, რომ საქართველოში არ შეიძლება, ბავშვებს ასწავლონ სკოლაში, რომ თურმე ორი კაცის სიყვარული იგივეა, რაც ქალისა და კაცის სიყვარული, ეს ანტიკონსტიტუციურიც არის საქართველოში და ანტიქართულიც და რაც მთავარია, არაადამიანურია. ჩვენ კანონპროექტი ჯერ არ დაგვიწერია და არ გვითქვამს, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, დავწეროთ კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში ერთად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არ ეგულება არცერთი საზოგადოებრივი ფენა, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ლგბტ პროპაგანდას ემხრობა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზი კი პატრიარქის სისუსტეა.

მისივე  განმარტებით, ადამიანი, რომელიც პატრიარქზე ამბობს, რომ სუსტია, ეკლესიის პროცესებში ჩაერია, ადვილი მისახვედრია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვერ არის.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, რომელზეც არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, მსოფლიო საეკლესიო საზოგადოებაა შეთანხმებული, მათ შორის არაქრისტიანული, სხვა კონფესიის ლიდერებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის წმინდა ადამიანი და ამ ფონზე, შეურაცხყოფას აყენებ, ფაქტია, რომ ჯანსაღად ვერ ხარ. ასეთი ადამიანი უნდა შეგეცოდოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი