ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს - პრემიერი

01 მარტი 2024, 12:07 355 ნახვა

მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატებები, მიღწევები, მაგრამ არის გამოწვევებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „პარაგრაფში“ განუცხადა, სადაც ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება.

"მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია. ამის მზაობა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და რა თქმა უნდა, ამის შესახებ გავაგრძელებთ მუშაობას ბიზნესთან ერთად. ბიზნესს აქვს გამოწვევები, მათ შორის არის სამუშო ძალის, სპეციალისტების დეფიციტი, ამაზე ყურადღება ბატონმა სოსომ თავის პრეზენტაციაშიც გაამახვილა. მე მქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ეს არის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომლითაც სარგებლობს ბიზნესი საჯარო სტრუქტურებისგან. განათლების სფეროში გვჭირდება ცვლილებები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას სამუშაო ძალით და ა.შ. ეს არის კონკრეტული გამოწვევები. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს “, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით,  კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ის მომსახურება, რომელიც უნდა შევთავაზოთ ჩვენ ბიზნესს, საჯარო სტრუქტურებმა, იყოს მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც დაგვჭირდება თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან.

რაც შეეხება კორუფციას, თქვენ იცით, რომ კორუფციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები კორუფციის სიმცირის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ პარამეტრით ჩვენ ვუსწრებთ, როგორც ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე აქამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი. თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, რაზეც მე ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ვისაუბრე. ჩვენ გვინდა, რომ ამ კრიტერიუმით შევიდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, ანუ გავუთანაბრდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს, რაც არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ამ ამოცანის მიღწევაც არის რეალისტური. რაც მთავარია, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას.

"მორიგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ეს იყო უვიზო რეჟიმი. ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. მას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი ერთი, რომ მობილობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას. ყველა სფეროში გვაქვს ზრდის პოტენციალი. ჩინეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავშირების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი