ილია დარჩიაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

26 თებერვალი 2024, 21:34 315 ნახვა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრმა ომარ ზნიბერს მიულოცა  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა თანამშრომლობისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ  ყველა პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის  (2023-2025წწ) საქმიანობაზე, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების- ქალების, ბავშვების, შშმ პირების, უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტით დაზარელუბული მოსახლეობის უფლებების დაცვაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობა.

ილია დარჩიაშვილმა ომარ ზნიბერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, ისევე როგორც  საოკუპაციო რეჟიმის სხვა უკანონო ქმედებებზე, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის მფლობელობაში გადაცემის თაობაზე.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.

საუბარი შეეხო  კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს ამ ფორმატში. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, გაიყვანოს  ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, მოხდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნება.

ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით წარსდგა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიაზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში