"ლიბერთიმ" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ამის ხარჯზე მოვახერხეთ საპენსიო სესხებზე შეთანხმების მიღწევა - კობახიძე

23 თებერვალი 2024, 14:47 371 ნახვა

მნიშვნელოვნად დაიწევს საპენსიო სესხებთან დაკავშირებული პროცენტული განაკვეთი, გვსურდა, პენსიონერებისთვის შეგვემსუბუქებინა ტვირთი, ეს გაიზიარა „ლიბერთი ბანკმაც“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. საუბარია იმ  პირებზე, რომელთაც სესხი 2023 წლამდე აიღეს.

"ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა, მადლობა მინდა, გადავუხადო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობას, ძალიან კონსტრუქციული იყო მათი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არსებითად კომერციული პროდუქტი, თავად „ლიბერთი ბანკმა“ გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს ის პროცენტული განაკვეთი, რომელიც არის დაკავშირებული საპენსიო სესხებთან.

 

დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, დეტალები დამატებით ზუსტდება და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს თავად ბანკი, მათგან მოისმენთ ინფორმაციას. დღეს არის ინტერპელაციის წესით ნათია თურნავა პარლამენტში, ისიც დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე და მთლიანობაში, ჩვენი სურვილი იყო, შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც“, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი რომელიც შეამსუბუქებს ჩვენი პენსიონერების, ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას და სწორედ ამ სულისკვეთებით გადაიდგა ეს ნაბიჯი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში