საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღიაობასა და გამჭვირვალობას - შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 12:49 460 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის გასანეიტრალებლად - ამის შესახებ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ მიღწევების გამო აქვს „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა.

მისივე განმარტებით, გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტს საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პლენარული სხდომების 15 პროცენტს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ან არ დაესწრო.

"წარმოგიდგენთ 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის რამდენიმე ძირითად მონაცემს. უფრო დეტალურად, 2023 წლის ანგარიში ბეჭდური სახით დარიგებულია და ასევე, ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე. 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა. აღსანიშნავია, რომ 65 სხდომიდან ათს, რაც სხდომების 15 პროცენტს შეადგენს, ოპოზიციამ სხვადასხვა კონფიგურაციით ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო"- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ღიაობასა და გამჭვირვალობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუტს წარმოადგენს.

,,პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღიაობას და გამჭვირვალობას და ამ მხრივ, წლებია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუციას. 2023 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 383 განცხადება, რომელსაც ყველას სათანადოდ გაეცა პასუხი. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ამოქმედდა პარლამენტის სატელევიზიო არხი, სადაც გადაიცემა პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების და პლენარული სესიების ყველა სხდომა.

 

ამას ემატება პარლამენტის Youtube არხი, სადაც პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია პარლამენტის სხდომების სრული ვიდეო არქივი დაწყებული 2022 წლის სექტემბრიდან. სიახლის სახით გეტყვით, რომ დღეიდან პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამებიც. დღეს უკვე სრულად არის ატვირთული 2023 წლის სტენოგრამები. ეტაპობრივად შეივსება წინა წლების არქივიც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენას პარლამენტში ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი