გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით, ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ - იენს სტოლტენბერგი

21 თებერვალი 2024, 17:36 442 ნახვა

გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტელბერგის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ამისკენ რუსეთსაც მოუწოდა.

“აქამდე შევხვედრილვართ, მაგრამ ეს პირველი შეხვედრაა თქვენთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან. გილოცავთ ამ პოზიციაზე დანიშვნას და თქვენთან ერთად მუშაობას ველით.

 

საქართველოს ნატოს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია”, - აღნიშნა მან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზეც.

„ათასობით უკრაინელი ლტოლვილი აფარებს თავს საქართველოს. დღეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, რაც საქართველოსთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანი რისკია თავისთავად ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს, უკრაინაში აწარმოებს აგრესიულ ქმედებებს და ჩვენ მოუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის.

დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი ნატოსა და საქართველოს პარტნიორობაზე - როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე, ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და მოვუწოდებთ, რომ უფრო დიდი ტემპით განახორციელოს რეფორმები. ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი