ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და დაადასტურა მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მოგვარების და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.
"ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს და, მანდატის შესაბამისად, მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას.
ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომლებმაც დაადასტურეს რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობა, ასევე დაადასტურა შერიგებისა და ჩართულობისკენ მიმართული ძალისხმევისადმი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში.
"ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელების დაჩქარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მისი საფლაგმანო პროექტების მეშვეობით, მათ შორის, იმ საერთო ინტერესის მქონე პროექტებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის განვითარებისკენ. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში პარტნიორის როლი, განსაკუთრებით კი მისი სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსებისთვის.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ ძალისხმევას, გაატაროს აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და ზომები, განსაკუთრებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რათა დააკმაყოფილოს ევროს ერთიანი გადახდის სივრცის სქემების გეოგრაფიულ არეალში გაწევრიანების კრიტერიუმები“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან.
ასოცირების საბჭო მიესალმა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფის, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სახალხო დამცველის დანიშვნის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს.
ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს გაგრძელების და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გაძლიერებული პატივისცემის, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების გარანტირების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
"ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციის, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრევენციის მიმართულებით გაწეული მუშაობა და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობას, მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის საფუძველზე. ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ძალისხმევის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებას და დგამს ნაბიჯებს ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად.
ასოცირების საბჭომ ძლიერი მოლოდინი გამოხატა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან მიერთების მაჩვენებელს და მოუწოდა საქართველოს სრული მიერთების მიმართულებით პროგრესისკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროაქტიულ ჩართულობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით" - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს მონაწილეობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებსა და ოპერაციებში; ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ევროკავშირმა გამოხატა სურვილი, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად და გააძლიეროს მისი მედეგობა კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მეშვეობით, ასევე მშვიდობის ხელშეწყობის ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გზით.