ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ - ირაკლი კობახიძე

20 თებერვალი 2024, 17:35 363 ნახვა

ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში,  ხაზს უსვამს ისტორიულ მიღწევას, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლ ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასოცირების პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.

"დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ევროკავშირში, ბრიუსელში. დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიღწევას – საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობის და თანამშრომლობის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის იმ ვალდებულებას, რომლითაც ევროკავშირის თანამეგობრობას, ამ ოჯახს უერთდება ქვეყანა. ვიზიარებ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს. ეს გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცაღა ჩვენი შედეგები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმისთვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე წინ სწორუპოვარი სვლა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას იმისათვის, რომ თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს იმ ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

"ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და პარტნიორი რეგიონში. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას იმისათვის, რომ თანა დაკავშირებადობის პროცესში მოხდეს იმ ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ამ კონტექსტში აისახება სამოქალაქო თანამეგობრობის საფუძველზე. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი განეიტრალების კვალობაზე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მიდგომას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული მხარდაჭერის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ჩვენ საუბარი გვქონდა და განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება, ასევე განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელიც შეიძლება ერთობლივად განხორციელდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ამბიციური გეგმები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოში წარმატებულო რეფორმები ხორციელდება.

"ჩვენ ვახორციელებთ გეგმას, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული. ევროსაბჭოს სხდომაზე ესეც იქნა განხილული. გვინდა, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიაში და სხვა უწყებებში, რათა მოხდეს საერთო დღის წესრიგის განხორციელება, გადასვლა შემდეგ, ახალ ეტაპებზე. ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ერთიან ბაზარზე სრული წვდომა, რათა მოხდეს სრული და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება. საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდა ძალიან დიდი წინსვლა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დაუბრუნდა იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. წარმატებულო რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში. ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, გამძლეობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამ კონტექსტში, მივესალმებით პრიორიტეტების შესახებ გეგმას, რომელიც განსაზღვრული, განხილული იქნა დღევანდელ სხდომაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მჭიდრო პროცესს გულისხმობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო სანდო მოკავშირე და პარტნიორია რეგიონში.

„მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, სტაბილურობა, მშვიდობა, დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას, რათა თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს – მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით და ეს მნიშვნელოვანია ადგილზე მშვიდობისთვის. მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში, რეგიონში და ჩვენი საერთო მიზნები იქნას დაკმაყოფილებული ევროპის ზოგადი კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში