რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა საარჩევნო კამპანიასაც როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით აწარმოებენ, ალბათ, ამაზე უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით, - ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას უფრო მყარად აიღებს.
"მაგალითად, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები, რადიკალიზმის მანტიამორგებულები - მათ შორის ხაზარაძე, გახარია აკეთებენ, ამაზე უკეთესს რას მოიფიქრებს ყველაზე კარგი პიარშიკი, ვერ წარმომიდგენია - შეიძლება სთხოვო, დააცინინე ხალხს თავი „მუსტანგით“, რომელიც დაიწვება... ასე გააგრძელონ და საკონსტიტუციო უმრავლესობას უფრო მყარად ავიღებთ“ - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის საერთო, საშუალო რეიტინგი არის 60/40-ზე. ამ 40%-ის შიგნით გადაუწყვეტელი ამომრჩევლებიც არიან და მათთან ერთადაც კი ისინი ხმების 40%-ს ვერ აგროვებენ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" გარანტირებულად საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებდა.
„თუ პოლიტიკურ ნაწილზე ვსაუბრობთ, როდესაც ხელისუფლება მეოთხე ვადით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსვლის განაცხადს აკეთებს, ესე იგი ეს ამბიცია რაღაცით არის გამყარებული. ხალხი შემთხვევით არ იღებს ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს, მითუმეტეს მეოთხე შემთხვევაში. ეს ეფუძნება სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, სწორ მოქმედებას, სწორ მენეჯმენტს. საქართველოს დიდი წინსვლა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში, მიიღო კანდიდატის სტატუსი. დღეს ქვეყანა არის ევროპული ოჯახის წევრობის კანდიდატი, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა. გვრჩება უამრავი გამოწვევა: როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიღარიბე 30-დან 15 პროცენტამდე შემცირდა, ეს 15% ძალიან ბევრ ადამიანს ნიშნავს და ეს უდიდესი გამოწვევაა. ხალხი გვენდობა, რომ ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო წინ წავიყვანთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან. ხელისუფლება იბრძვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის და ამავდროულად ახერხებს, ქვეყანაში ჰქონდეს მშვიდობა, არ გახადოს ქვეყანა მეორე ფრონტის პლაცდარმად. ეროვნული ინტერესების გატარება არის ყველაზე მთავარი საფუძველი, რომელსაც აფასებს ქართული საზოგადოება“, - აღნიშნა მდინარაძემ.