ჩვენი მიზანია არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტიდან ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, გავმართავ შეხვედრებს წინასაარჩევნო კამპანიის მოსამზადებლად - ღარიბაშვილი

15 თებერვალი 2024, 14:13 373 ნახვა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მარტიდან 10 რეგიონში 10 გასვლით ღონისძიებას გეგმავს, რათა ადგილზე გაეცნოს  საჭიროებებს.

მისივე განმარტებით, მათი მიზანი არის მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. 

"მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას. მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ, შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანი არია, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭირო არის მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე.

 

მე გავიმეორებ ჩვენს მიზანს – ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, პარლამენტთან. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაიმართა ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა და ერთობლივად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. ზუსტად იციან, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით, სწორად და დროულად შეასრულოს 9-ვე ნაბიჯი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში