მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს

15 თებერვალი 2024, 10:07 503 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება.

მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. იუდეველთა წესის მიხედვით, შობიდან მე-40 დღეს ჩვილი ტაძარში მიჰყავდათ და მის სახელზე მსხვერპლს სწირავდნენ.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სვიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება, მაცხოვარი ხელში აიყვანა, ანუ მიირქვა და მისი წამება და ღვთისმშობლის ტანჯვა იწინასწარმეტყველა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სვიმონ მიმრქმელი ერთ-ერთი იყო, ვინც ძველი აღთქმა ებრაულიდან ბერძნულად თარგმნა. წინასწარმეტყველების თარგმნის დროს მას ეჭვი შეეპარა და ვერ დაიჯერა, რომ ქრისტეს ქალწული შობდა, ამიტომ უფლისგან აღთქმა მიიღო, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილავდა მაცხოვარს.​

სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას ნიშნავს. დღესასწაულის უძველესი სახელწოდება კი ლამპრობაა. იერუსალიმის ეკლესიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთელი მსახურების მანძილზე მორწმუნეები სანთლებს არ აქრობდნენ, შემდეგ კი ეწყობოდა ლიტანიობა. შუა საუკუნეებში ეკლესიაში მსახურებისას გამოყენებული უჩვეულოდ ბევრი სანთლის გამო ამ დღესასწაულს „სანთლის დღეს“ უწოდებდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი