გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტის წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14 თებერვალი 2024, 17:45 372 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.

სამინისტროს განცხადებით, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ამოქმედდება.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, არაერთი რეგულაცია მიიღო, რომელთა აღსრულება-დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგულაცია, რომელიც სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივი შემცირების მიზნით იქნა მიღებული, 2024 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას, მათ შორის, ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებს, ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდათ. რეგლამენტის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო საავტომობილო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. ავტომობილების იმპორტიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულაცია ამოქმედდა მისი მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 2024 წლის პირველ იანვარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, 2023 წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ავტომობილების საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაადგინა შეღავათი და რეგულაცია აღარ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება ექსპორტიორი ქვეყნიდან დაიწყო 2023 წლის პირველ დეკემბრამდე.

„კერძოდ, 2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის თანახმად, რეგულაცია აღარ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება ექსპორტიორი ქვეყნიდან დაიწყო 2023 წლის პირველ დეკემბრამდე. დღეს საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია. მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და, შესაბამისად, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრო  განმარტავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს.

„ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ამოქმედდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი