შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეები პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით ვალდებული იქნებიან ცხოველი ოფიციალურად დაარეგისტრირონ, აუცილებელია ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათიც.
ასევე მაია ბითაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, წესის დარღვევა 300 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა საბავშვო ბაღების, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტმოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში კი 150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.