საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

13 თებერვალი 2024, 19:08 535 ნახვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებზე (SECG). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და კონკურენტუნარიანობაზე, ერთიანი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდაზე, კრიზისის დროს ბიუჯეტის მართვაზე, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მომავალზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და სოციალური ინვესტიციების გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და „ტვინების გადინების“ პროცესთან გამკლავებაზე.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა.

„გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით, რაც უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვას, სერვისების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, კონკურენციის ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას თუ სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მზაობაზე განაგრძოს აქტიური მუშაობა, რათა შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში.

„საქართველო მოწოდებულია, გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით. იმისათვის, რომ სრულად იქნას ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა – ბელგია მასპინძლობს ქალაქ ბრიუსელში, 12-13 თებერვალს, ევროპარლამენტში გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკიმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი