გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა მეპატრონის ან დაწესებულების მფლობელის დაჯარიმებას გამოიწვევს

13 თებერვალი 2024, 15:54 467 ნახვა

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა მეპატრონის ან დაწესებულების მფლობელის დაჯარიმებას გამოიწვევს.

იგეგმება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობას შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.

კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით. შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.

ამასთან, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი ორ თვეს არ აღემატება.

პროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი