იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა, რის შედეგადაც 2023 წლისთვის იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა 118-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ლაშა ლობჯანიძე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და 130 იუსტიციის სახლი მთელ საქართველოში იფუნქციონირებს.
ლაშა ლობჯანიძის განცხადებით,
უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს იუსტიციის სახლების მშენებლობა გლდანში, საგარეჯოში, ხაშურში, სამტრედიაში, ახმეტაში, თერჯოლაში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებსა და შროშაში. მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა მცხეთისა და ჭალის ფილიალების მშენებლობა, ხოლო ბათუმში მეორე ფილიალის მოწყობის სამუშაოები სულ მალე დაიწყება. ასევე, გამოცხადდება ტენდერი რუსთავის ფილიალის სივრცის სრულ განახლებაზე და თანამშრომლებს მეტად კომფორტული სამუშაო სივრცე ექნებათ.
„მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა ამ ფილიალის გახსნა და სულ მალე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის სახლი. ეს ყველაფერი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივითა და ლიდერობით გახდა შესაძლებელი. დიდი მადლობა მას ამ მასშტაბის მხარდაჭერისთვის. 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობაში დაიხარჯა 110 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს სახელმწიფო სერვისებზე უპრეცედენტოდ მაღალი ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.