ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო - კობახიძე

08 თებერვალი 2024, 13:07 308 ნახვა

ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლების განულებისკენ.

"დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე, ეს არის „ქართული ოცნება“, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.

 

საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოს მოუწევდა დაპირისპირება არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ, აფხაზებთან და ოსებთან, რაც გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა.

"ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე. ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა აღარასდროს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არა აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ისევე როგორც შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება.

„კვლავაც აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული წარმატებული არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისკენ, ისევე, როგორც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისკენ, რომლის მიზანია, კონფლიქტის მოგვარებამდე მოამზადოს საფუძველი, ომით ხელოვნურად დაშორებულ ადამიანებს შორის ნდობის და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად, ერთიან, ქართულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში