დღეს პარლამენტი ახალი მთავრობის დამტკიცებას უყრის კენჭს

08 თებერვალი 2024, 10:23 348 ნახვა

ახალი მთავრობის დამტკიცებამდე რამდენიმე საათი დარჩა. პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კენჭისყრა შედგება, 12:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, ასევე ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში.

პარლამენტის ნდობის მისაღებად უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

სამთავრობო პროგრამა გუშინ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს გააცნო. განახლებული მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერას, სადაც, პრემიერის გარდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება, ოპოზიცია არ აპირებს.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი ქვეყანას კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოუტანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში