მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ - ლაშა ხუციშვილი

06 თებერვალი 2024, 17:28 459 ნახვა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, სიღარიბის შემცირებისა და ქვეყნის რეგიონულ, ლოგისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებებზე.

გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის შემდგომი პერიოდი საქართველოს ეკონომიკამ სწრაფი აღდგენით დაიწყო და 2021-2022 წლებში ორნიშნა ზრდა დააფიქსირა.

"საკმაოდ წარმატებული იყო 2023 წელიც. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ შვიდი პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ, სრულად აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს, რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბოლო 8 თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება.

როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოსთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა 8 000 დოლარს გადააჭარბა. 2024 და მომდევნო წლებში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

"ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის საქართველომ გასულ წლებში ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მრავალი მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ეკონომიკურ და ფისკალურ მიმართულებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება. 2000-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან ოთხ ქვეყნის, კერძოდ, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

ლაშა ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, სწრაფი და ინკლუზიური ზრდის მიღწევა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორის წამყვანი როლითაა შესაძლებელი.

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი და ბიზნესგარემოსათვის მისი როლი შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროგრამა, თუ პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ ჩარჩოშია მოქცეული. განსაკუთრებით, მინდა შევეხო საგარეო მოწყვლადობას, რომელიც ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევაა. ბოლო წლებში, ჩვენ გვაქვს საგარეო მოწყვლადობის თანმიმდევრული შემცირების დინამიკა, რომელიც ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია, როგორც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესების, აგრეთვე, დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით. საგარეო მოწყვლადობების შემდგომი შემცირება კვლავ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი კაპიტალური დანახარჯები, თუმცა ჩვენი ორიენტირი ყოველთვის ისეთი პროექტებია, რომელსაც კერძო სექტორი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, თუმცა ეს ინვესტიცია გზას უხსნის კერძო ინვესტიციებს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით.

„სახელმწიფო ფინანსების მართვის მიმართულება ტრადიციულად ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ძლიერი მხარეა, სადაც მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო შეფასებებში მუდმივად მოწინავე ადგილებს ვიკავებთ, მათ შორის, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“, რომელიც აფასებს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობას, საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში გრძელდება. დეპუტატები დღეს სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი