საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოში კომპანიებს არეგისტრირებდა და მათ ბაზაზე, ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე თაღლითურ ქოლცენტრებს აწყობდა.
უწყების ცნობით, დაკავებულები მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების დიდი ოდენობით თანხების დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.
როგორც პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარულ ფრანკს.
"ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.
შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის, უძრავი ქონებების შეძენის გზით.
გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა", - განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითბის და ფულის გათეთრების ფაქტზე წარუდგინა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.