საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა კანდელაკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ზაზა კანდელაკმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ ელჩსაც შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით.
ნოშრევან ლომთათიძეს 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ნოშრევან ლომთათიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ხოლო მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კოლუმბიის უნივერსიტეტში, საჯარო მართვის სპეციალობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერმა შეხვედრა გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში არჩილ ძულიაშვილთან.
შეხვედრაზე საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა.
მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაატა კალანდაძესაც შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს.