ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და საქართველოს წარმატების შესახებ საუბრის შესაძლებლობისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

17 იანვარი 2024, 21:02 542 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“. პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით გაიმართა.

ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს, ეს არის გლობალური პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“ განაცხადა.

„პირველ ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს, სამანტა პაუერს. ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და საქართველოს წარმატების შესახებ საუბრის შესაძლებლობისთვის. მეც მინდა, აღვნიშნო, რომ ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა!

ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში – სუნელი – როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა.

„კვლევამ გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის.

2019 წელს ინიცირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი – გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად.

ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი – 75-პროცენტიანი კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული.

ამ მიღწევების შესანარჩუნებლად, საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ. ეს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად და 2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა ვაკონტროლოთ სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოტენციური რისკების გასანეიტრალებლად, საქართველომ გააძლიერა სათამაშოებში ტყვიის მიგრაციის შესახებ მარეგულირებელი ჩარჩო.

„ასევე აქტიურად ვმუშაობთ სამთავრობო რეგულირების დაწესებაზე, რათა უსაფრთხო იყოს ამ პროდუქტების გამოყენება. უზრუნველვყოფთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას და ვიცავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად უწყვეტ რეჟიმში, 24/7-ზე დავიწყეთ სინჯების აღება და ანალიზების ჩატარება მძიმე მეტალებზე, რათა ტყვიის შემცველობა გამოვავლინოთ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში. არსებული შედეგებით დგინდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ვერ იქნება მიჩნეული ტყვიასთან შეხების წერტილად და მოწამვლის წყაროდ.

ასევე ვაცნობიერებთ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ტყვიის მოწამვლის საფრთხეების განეიტრალებაზე ქვეყნის მთავრობას ეკისრება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ გლობალურ ძალისხმევაში. საქართველოს გაუმართლა, რადგან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საერთაშორისო უწყებებიდან, პარტნიორებისა და მეგობრებისგან. მათ შორის არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გერმანია და ნორვეგიის უნივერსიტეტი. ეს დახმარება მიმართულია შესაძლებლობათა განვითარებისკენ ქიმიკატების მონიტორინგის სფეროში, ლაბორატორიული კვლევების ჩატარების უნარის გამომუშავებისკენ, მეთვალყურეობისა და კონტროლის მოდელების დანერგვისკენ, საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავებისკენ, კადრების გადამზადებისკენ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აქტიური ჩართულობა ევროპულ ეკოლოგიასა და ჯანდაცვის პროცესებში ცხადყოფს, რომ ჩვენ ამ მიზნის ერთგულნი ვართ. პატივი გვერგო გავმხდარიყავით თანამშრომლობის ახალი მექანიზმის თანათავმჯდომარე ქვეყანა და სხვა სახელმწიფოებთან ერთად გვემუშავა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ რეგიონში ბიომონიტორინგის საკითხებზე, რასაც გერმანია აძლევდა მიმართულებას. ამ ინიციატივის ფარგლებში 2023 წელს მინისტრთა მე-7 კონფერენცია ჩატარდა გარემოსა და ჯანდაცვის საკითხებზე. პირველ შეხვედრას თბილისმა 2023 წლის ნოემბერში უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში პარტნიორები შევიკრიბეთ პრიორიტეტებზე მოსაზრებების შესაჯერებლად და მონიტორინგის აუცილებლობის გამოსაკვეთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფასდაუდებელი პარტნიორობის კონტექსტში, საქართველოს მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება საკადრო და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია, სრულად განვავითაროთ ტყვიის შემცველობის მონიტორინგის სისტემები და სიღრმისეული კვლევები ჩავატაროთ წყაროებსა და შეხების წერტილებზე, შევიმუშაოთ რისკების განეიტრალების სტრატეგიები და სულ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ამ ტვირთის შემსუბუქებასა და ტყვიისგან დაცვის საქმეში.

დასკვნის სახით მინდა, ვთქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ზიარი ხედვის კოლექტიური პოლიტიკური ვალდებულების გაძლიერებისა და გაზრდისთვის, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს ტყვიის მოწამვლისგან, დავნერგოთ ძლიერი მონიტორინგი და მკაცრი რეგულაციები, გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა. საქართველო ერთგულია ტყვიით მოწამვლის საკითხის საფუძვლიანი მოგვარების იდეისადმი.

მიმაჩნია, რომ გაერთიანებული გლობალური თანამეგობრობის ფარგლებში დიდ შედეგებს მივაღწევთ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველვყოფთ მეტად ჯანსაღ და კეთილდღეობის მომტან მომავალს მომდევნო თაობებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი