პოლიცია ტოკიოს აეროპორტში სამგზავრო და სანაპირო დაცვის თვითმფრინავების შეჯახების მიზეზს იძიებს. წინასწარ ვერსიად გამოძიება პროფესიულ დაუდევრობას განიხილავს.
სატრანსპორტო ორგანოებმა დაიწყეს თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლა. იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავის 379 მგზავრი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, როცა ჰანედის აეროპორტში დაშვებიდან რამდენიმე წუთში მას სანაპირო დაცვის მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად სანაპირო დაცვის სამსახურის თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ხუთი დაიღუპა. ისინი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მასშტაბური მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში იყვნენ მივლინებით. ავიაკატასტროფის გამო ჰანედის აეროპორტში 100-ზე მეტი შიდა ავიარეისი გაუქმდა.