მიწისძვრის შედეგად, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა - იაპონიაში საქართველოს ელჩი

03 იანვარი 2024, 11:44 827 ნახვა

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე. 

"ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველანაირი არხების მეშვეობით და ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხო. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ“, - აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.

იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: +81 80 7933 5060.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში