შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „კეტამინი“, „ლიზერგიდი“ (LSD), „მეტამფეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „დიმეთილტრიფტამინი“, „პრეგაბალინი“, „ტრამადოლის“, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ და „ფსილოცინის“ შემცველი ნივთიერებები, ასევე, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“,
ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, სამი პისტოლეტი, ორი სანადირო თოფი, ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა"- განმარტავენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე პრიმა, 18-273 პრიმა, 19-273 პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.