ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა, 50-მდე სახლს სახუარვი დაუზიანდა

25 დეკემბერი 2023, 15:32 595 ნახვა

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ქობულეთში, სოფელ ლეღვასა და ბობოყვათში მეწყერი ჩამოწვა.

ამ დროისთვის სოფელ ბობოყვათში ჩაკეტილია საავტომობილო გზა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ აჭყვისთავის მოსახლეობას, ადგილზე მუშაობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფები.

ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად ორი დღის განმავლობაში 50 საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა, მათ შორის ოთხ მრავალბინიან კორპუსს. ქალაქის ტერიტორიაზე, ძლიერმა ქარმა 20-მდე მრავალწლიანი ხე წააქცია.

ძლიერი ქარის შედეგად, სოფელ თეთროსანში წყლისა და უალკოჰოლო სასმელების თურქულმა საწარმომ სამუშაო პროცესი შეაჩერა. ქარმა საწარმოს შენობას სახურავი გადახადა.

კომპანიის მენეჯერის განცხადებით, წვიმის წყალმა შენობაში შეაღწია, შიდა ტერიტორია და გასაყიდი პროდუქციაც დააზიაანა.

როგორც ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, მოსახლეობის მხრიდან შეტყობინებები ეტაპობრივად შემოდის. დავით ვერულიძის განმარტებით, მიმდინარეობს თითოეული შემთხვევის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენია ზარალის ოდენობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი