ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და წარმატება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით - რატი ბრეგაძე

19 დეკემბერი 2023, 16:20 448 ნახვა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ეს წარმატება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ჩართული იყო მესამე მხარედ და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში.

„სულ ცოტახნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე და დღეს სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, დადგინდა სიცოცხლის უფლების დარღვევა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დამსახურება საქართველოში მომუშავე იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მტკიცებულებების მოძიების საქმეში, რამაც, როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენს საერთაშორისო არენაზე არაერთი წარმატება მოგვიტანა. კონკრეტულად ამ საქმეს რაც შეეხება, სახელმწიფო ჩართული იყო მესამე მხარედ და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და ეს წარმატებაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, ეს არის სამართლებრივი პროცედურები. რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, შედარებით გართულებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ მაქსიმალურად, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავატარებთ ყველა ღონისძიებას, რათა სამართლიანობა დადგეს და თითოეული ადამიანის უფლებები იყოს სრული მოცულობით აღდგენილი. დარწმუნებული ვარ, ამას ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი