2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელიწადში - ირაკლი ღარიბაშვილი

18 დეკემბერი 2023, 16:05 513 ნახვა

2012 წელს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. გაზრდილია 1 850 ლარამდე, ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით, ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი.

„რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს, 2012 წელს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1 850 ლარამდე არის გაზრდილი, ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელიწადში. ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი, 780 ლარიდან 2 000 ლარამდე. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-მდე ჩამოვიდა. შეგახსენეთ, რომ სამი წლის წინ 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევძელით მთავრობის ვალის მკვეთრი შემცირება. ჩვენ ვინარჩუნებთ ბიუჯეტის დაბალ დეფიციტს. წელს იყო 2.8%, გაისად იქნება 2.5%.

 

ასევე, მინდა, მოსახლეობას, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ზოგადად მოსახლეობის შემოსავლების ზრდის მნიშნველოვანი ინდიკატორი არის შემდეგი მონაცემი – 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს, ხოლო წელს, სექტემბრის თვეში 75 მილიარდი ლარი იყო საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები. 14 მილიარდიდან 75 მილიარდამდე გაიზარდა სულ რაღაც 11 წელიწადში. ეს არის 400%-ზე მეტით ზრდა, რა თქმა უნდა, კურსის ეფექტის ჩათვლით. 2012 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს კომერციულ ბაკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ეროვნული ვალუტით შეადგენდა 2,8 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით – 4,9 მილიარდ ლარს.

 

წელს, ოქტომბერში, ეროვნული ვალუტით 24.7 მილიარდი ლარი და უცხოური ვალუტით 25 მილიარდი ლარით არის შეფასებული. დეპოზიტები ეროვნული ვალუტით 800%-ით არის გაზრდილი და უცხოური ვალუტით 400%-ით გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები და დეპოზიტები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სწრაფად, ქვეყანა მდიდრდება და ჩვენი მოსახლეობა მდიდრდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი და დღეს არის 1230 ლარი, უკვე გაზრდილია 270%-ით, 2024 წლიდან მასწავლებლის ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით.

მისივე განმარტებით, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი, შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი