საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება საქართველოში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნულს გულისხმობს კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, კანონპროექტით განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც: საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არანაკლებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.