ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

11 დეკემბერი 2023, 21:47 387 ნახვა

ილია დარჩიაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს განესაზღვრა 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ემსახურება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის მხარესთან აღნიშნული ამოცანების შესრულების კუთხით.
ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ. განიხილეს ამ ფორმატში არსებული თანამშრომლობის და ზოგადად ფორმატის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო სექტორულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და შეხვედრებს მართავს ევროკომისრებსა და ევროპელ კოლეგებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი