შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე , - ამის შესახებ ჟენევაში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი. აშშ-ის მისიის განცხადების თანახმად, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა.