ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები ბათუმში. ოპოზიციას მოლოდინი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გარდაუვალი იყო. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დანარჩენი ოპოზიციის პოლიტიკურ საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს, პირიქით, უფრო გააძლიერებს მათ წინა საარჩევნოდ. ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაშლის პროცესი გაგრძელდება, რაც გარკვეულ წილად აზიანებს ოპოზიციას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ რამდენად საინტერესო იქნება მომავალში ორად გაყოფილი პარტიის პოლიტიკური საქმიანობა, ამას დრო აჩვენებს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებას, მათი განცხადებით, პარტია პრაქტიკულად დაშლილია. ლადო მგალობლიშვილს მიაჩნია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლის ხარჯზე ახალ პარტიებს წარმოჩენის და ჯანსაღი ოპონირების შესაძლებლობა მიეცემათ.