საქართველო ახერხებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ფასებში ჰქონდეს ენერგორესურსები - ლევან დავითაშვილი

04 დეკემბერი 2023, 16:44 472 ნახვა

პურის საწარმოებისთვის განსხვავებული პირობა იქნება შენარჩუნებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ქვეყანა ახერხებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ფასებში ჰქონდეს ენერგორესურსები.

„კომერციული სექტორის ტარიფები ზოგადად, ნახშირწყალბადების საერთაშორისო ფასებზეა დაკავშირებული და კონკრეტული ფორმულით იანგარიშება. იმის მიხედვით, თუ როგორია საბირჟო ფასები, კომერციული სექტორის გაზის ტარიფის გადახედვა ხდება ხოლმე, ზუსტად ამაზე იყო საუბარი, როცა ინფორმაცია გავრცელდა. თქვენ დაინახეთ, ბოლოს, ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდებოდა, შესაბამისად, ეს გარკვეულწილად გაზის კომერციულ ტარიფში აისახება ხოლმე, აქედან გამომდინარე მოხდა ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება კომერციული სექტორისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენცირებული პირობების შენარჩუნებას, ამაზე ყოველთვის გვაქვს დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში, „სოკართან“, რომელიც მთავარი მომწოდებელია.

 

ძირითადად, ამაზე გვაქვს შეთანხმება და დარწმუნებული ვარ, ეს შეთანხმება ძალაში დარჩება, შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს ზედმეტი წნეხი პურის მცხობელი კომპანიებისთვის, განსხვავებული პირობა იქნება შენარჩუნებული პურის საწარმოებისთვის.

 

რაც შეეხება რუსეთიდან გაზის იმპორტს, იცით, რომ აზერბაიჯანი სრულად ვერ ფარავს ჩვენს მოთხოვნას, შესაბამისად, ალტერნატიული წყაროებიდან გვიწევს საქართველოში გაზის მოწოდება იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს ქვეყნის ენერგომომარაგება. ჩვენი ეკონომიკის ზრდის პარალელურად ჩვენ მოთხოვნა გაგვეზრდება და ასეც არის, მოთხოვნა წლიდან წლამდე გვეზრდება ენერგორესურსებზე, მათ შორის, ბუნებრივ აირზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკის შეუფერხებელი ზრდა და ასევე ენერგომომარაგება, თუ ამას ვახერხებთ ეფექტიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის, ვფიქრობ, სწორად და პასუხისმგებლიანად ვიქცევით ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ასეც ხდება. ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ საქართველოს დღეს, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ფასებში გააჩნია ენერგორესურსები, მათ შორის, გაზი, ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა. ჩვენ ვიღებთ ყველაზე უფრო იაფად გაზს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა რეგიონში და გვაქვს საშუალება, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, რომ არაერთ მომწოდებელზე ვიყოთ დამოკიდებული და დიახ, ჩვენ ვიღებთ ძალიან კონკურენტულ ფასებში გაზს ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითშვილის განმარტებით, თუ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, „კამარა ჰესი“ განხორციელდება.

„რა თქმა უნდა, ენერგეტიკის განვითარებას მხარს ვუჭერთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა პროექტი შეიძლება ვერ განხორციელდეს. შესაძლოა, ბევრი საკითხი გარკვეულ შემთხვევებში ეკონომიკურად მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ გარემოსდაცვით მიზანშეწონილობაში სხვადასხვა ტიპის პრობლემა იყოს. რაც შეეხება „კამარა ჰესს“, როგორც ვიცი, დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა, ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, არის სოციალური საკითხები, კომპენსაციის საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ. თუ ინვესტორი თვლის, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია უფრო მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მხარდაჭერა ჰქონდეს, ამას მივესალმებით, თუმცა, ჰესი აშენდება თუ ამ ნაწილში კონსენსუსი იქნება“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი