ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა - პრემიერი

24 ნოემბერი 2023, 18:57 427 ნახვა

ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ რეგიონი და მსოფლიო გამოირჩევა არასტაბილურობით უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, საქართველოს მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო.

„ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10 პროცენტით. 2021-2022 წლებში 10 პროცენტზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი შენარჩუნებული არის წელსაც. 7-პროცენტიანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი, 1 პროცენტზე ნაკლები. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი იქნება 8 000 დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო სამ წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა, ვთქვა, რომ 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8 500 დოლარზე მეტი. გარდა ამისა, მინდა, გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა. უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავიდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი