კონფერენციაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც ცხრა პრიორიტეტის ნაწილია, მათ შორის, მსჯელობა გვქონდა დეოლიგარქიზაციის გეგმის პროექტზე, რომელიც მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ დასრულების შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის მოლოდინზე ყველა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული დეზინფორმაციის პრობლემატიკით, გაგრძელებული უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის თვალსაზრისით, დეოლიგარქიზაციით, სასამართლო რეფორმით, მედიასთან დაკავშირებული საკითხებით.
„კონფერენციაზე საინტერესო მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციაც მონაწილეობდა ამ პროცესში და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან გვქონდა საგნობრივი დისკუსია. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში შევიმუშაოთ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. თუკი ამ საკითხში ჩაერთვება ყველა, სამოქალაქო სექტორიც, ოპოზიციაც, ისევე წარმატებული ვიქნებით, საბოლოო ჯამში, შედეგების მხრივ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.