ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას, ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას - ჰერჩინსკი

21 ნოემბერი 2023, 11:05 441 ნახვა

ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და ბიზნესისთვის პირობების შექმნას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში. ევროპული ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის ინდექსს. ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და პირობების შექმნას როგორც ქართული ბიზნესისთვის ევროპაში, ისე ევროპული ბიზნესის ინვესტიციებისთვის საქართველოში. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაა და ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი ამის ნაწილია პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, რომელიც დაგვეხმარა ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებაში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, ევროკავშირს ასევე სურს, იხილოს წინსვლა იმ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიამ დასახა.

"როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის ეს რეკომენდაცია მომავალ საბჭოს სხდომაზე განხილული იქნება ევროკავშირის 27 წევრის მიერ. ეს იქნება ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა, რომელიც 14-15 დეკმებრს გაიმართება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად, ცხრა ნაბიჯიც დასახა. ჩვენ მათ ვუწოდებთ ნაბიჯებს. ჩვენ ვნახავთ წევრი სახელმწიფოები ასევე დაადასტურებენ თუ არა ამ ცხრა ნაბიჯს. ზოგიერთი ამ ცხრა ნაბიჯიდან ძალიან ნაცნობია, რადგან არსებული 12 რეკომენდაციიდანაა, რომელიც ჯერ კიდევ შესრულების ფაზაშია, არის სამუშაო პროგრესი, ზოგიერთი ნაბიჯი კი ახალია, მაგალითად, როგორიცაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, უცხო ინფორმაციის მანიპულაციასთან ბრძოლა, მომდევნო არჩევნების საკითხი. საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ შეკითხვა ასეთია, რომელი ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი - ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ გულწრფელად გვსურს, ვნახოთ პროგრესი ყველა მათგანთან მიმართებით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ისურვებდა, რომ ევროკომისიის ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესს იხილავს და სამუშაოებში ყველა მხარე ჩაერთვება.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა დაცდა, არამედ დარწმუნება, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ცხრა ნაბიჯის შესრულება და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისურვებდით, ვნახოთ, რომ ყველამ მხარემ საკუთარი როლი შეასრულოს, მთავრობა იყოს ინკლუზიური, ოპოზიცია კონსტრუქციული და ვნახოთ ისეთი პროგრესი, როგორიც შესაძლებელია, რათა საქართველო ძალიან სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაასრულოს, შემდეგ კი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში