სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი - მიხეილ სააკაშვილი

20 ნოემბერი 2023, 13:16 500 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ერთდროულად ორ საქმესთან დაკავშირებით იმართება.

საუბარია შვიდი ნოემბრისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდებზე. ორივე შემთხვევაში, გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა.

სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

როგორც მან სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს  შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად არც გამბედაობა აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსულ ოლიგარქიაზე სწორი აქცენტები გააკეთა.

„მინდა, ვუპასუხო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ჯერ ერთი, მინდა, მივულოცო მას, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. ამავე დროს, „ლემონდი“ თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, გამოეყენებინა შეწყალების უფლება. სხვათაშორის, ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური ბოლო თვეების განმავლობაში. მე არ მინდა, სალომე ზურაბიშვლს რაღაც მოვთხოვო, მინდა, ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს, რომელსაც ის ამბობს. ის აცხადებს, რომ მე ვამბობ, ვარ ფიზიკურად უკეთესად. მე ვარ უკეთესად სულიერად, ძალიან მხნედ, რადგან საბოლოო ჯამში ვირწმუნე, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, მინდა, ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება. რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს უცხოეთში გამგზავრების სურვილი. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა. ეს ასეა და, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი