პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

16 ნოემბერი 2023, 15:09 478 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

„გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ ა(ა)იპ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის“ ბუღალტერმა, ამავე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა მონაცემების გამოყენებით, მივლინების და სპორტული ღონისძიების ხარჯის დანიშნულებით, სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან სხვადასხვა დროს პირად ანგარიშებზე უკანონოდ ჩაირიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 86 699 ლარს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში