ჩინეთის პრეზიდენტის მისამართით სალომე ზურაბიშვილის ფრაზას პოლიტიკური ძალა ვერ ექნება - გიორგი ამილახვარი

13 ნოემბერი 2023, 16:05 389 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამი, თუ ფრაზა ჩინეთის პრეზიდენტის მისამართით, ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს, იმედი გვაქვს, ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით აღებულ ურთიერთობას, რომელიც ჩინეთთან ყალიბდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს ქალბატონი პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ არადიპლომატიური განცხადებები, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაც.

„თქვენ იცით, რომ საქართველო არის საპარლემტნო რესპუბლიკა, შესაბამისად საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში კანონის საფუძველზე, ასევე ხალხის გადაწყვეტილებით ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად მისი ეს გამონათქვამი, თუ ფრაზა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და არ აქვს ამ კუთხით არანაირი მნიშვნელობა. სხვა ფორმალური კუთხით ბუნებრივია, ეს არის მიუღებელი და ეს არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვეთავს საქართველოს მთავრობას და შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.

ამიტომ, ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს ქალბატონი პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ და არადიპლომატიური განცხადებები, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაც, რომელიც საკონსტიტუციოს სასამართლომაც დაადასტურა. ამიტომ ამ კუთხით, ბუნებრივია არ გვიკვირს მისი ქმედებები, თუმცა მისი ეს ფორმალური განცხადება, ვერანაირი პოლიტიკური, თუ სხვა სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და ვერ იქნება. ეს ვერ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. იმედი გვაქვს, რომ ეს პირდაპირ ვიტყვი, უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით, სწორი გეზით აღებულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის ყალიბდება“,- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში