პოზიტიური რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს პარტნიორად, რომელსაც სამეზობლოში მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია - პაველ ჰერჩინსკი

08 ნოემბერი 2023, 22:39 499 ნახვა

დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაციები ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამეზობლოში მშვიდობის დასამყარებლად, - ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანის სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა დღევანდელ დღეს „ნამდვილად ისტორიული“ უწოდა და მიულოცა პოლიტიკურ ლიდერებსა და ქართველ ხალხს.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო, თბილისის და მთელი საქართველოს მოქალაქეებო, დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიამ ახლახანს გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს. მინდა, მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს, მისი ძლიერი და ურყევი ძალისხმევისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგილოცოთ ყველას, თქვენ, ქართველ ხალხს. თქვენ ძლიერად და მუდმივად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ევროკავშირისგან ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის დიდი აღიარება.

დღეს, როდესაც ჩვენ ვგლოვობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის საშინელ მკვლელობას, იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული პოზიტიური რეკომენდაცია ასევე იმედის მომცემი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, რომ უფრო დაუახლოვდნენ ქვეყანას.

დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაციები ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამეზობლოში მშვიდობის დასამყარებლად.

ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს რეკომენდაციები დაკავშირებულია სამომავლო რეფორმებთან, მათი შესრულება გადამწყვეტი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ამისთვის საქართველომ უნდა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თქვენთვის, ყველასთვის იქნება, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ბევრჯერ მინახავს ეს, რომ როდესაც თქვენ გაერთიანებულები ხართ, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი